English / ქართული /








ჟურნალი ნომერი 3 ∘ შორენა ტიელიძე
შრომის ბაზრის ძირითადი გამოწვევები საქართველოში

შრომის ბაზარი საბაზრო ეკონომიკის უმნიშვნელოვანესი კომპონენტია, რომლის ძირითადი ფუნქციაა შესაბამისი ადამიანური რესურსებით წარმოებისა და მომსახურების სფეროს უზრუნველყოფა. შრომის ბაზრის გამართულ ფუნქციონირებაზე მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ქვეყნის შრომითი და ეკონომიკური პოტენციალის გამოყენების ხარისხი, ასევე მოსახლეობის ცხოვრების დონე. თუმცა, შრომის ბაზრის განვითარების გზაზე არაერთი პრობლემა არსებობს, რომლის მოგვარება შესაძლებელია შრომისა და დასაქმების სფეროში მიზანმიმართული სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებითა და განხორციელებით.

სტატიაში მსჯელობაა საქართველოს შრომის ბაზრის ძირითად ინდიკატორებზე, შრომის ბაზრის მოთხოვნისა და მიწოდების კომპონენტებზე და მათ მნიშვნელობაზე ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობისთვის. ხაზგასმულია ბოლო პერიოდში არსებული შრომის ბაზრის გამოწვევები და მათზე რეაგირების სათანადო მექანიზმები.

საკვანძო სიტყვები: დასაქმება, უმუშევრობა, შრომის ბაზარი

შრომის ბაზრის ძირითადი ინდიკატორების მიმოხილვა

ქვეყნის ეკონომიური მდგომარეობის შესაფასებლად სხვადასხვა ეკონომიკური ინდიკატორი გამოიყენება. მთლიანი შიგა პროდუქტის (მშპ) დონის გარდა, ერთ-ერთი სტატისტიკური მონაცემი, რაც ეკონომისტთა და ასევე, საზოგადოების ყურადღებას იქცევს, ქვეყანაში უმუშევრობის მაჩვენებელია. უმუშევრობა ქვეყნის მოსახლეობას მძიმე ტვირთად აწვება და ეკონომიკურ, ფსიქოლოგიურ და სოციალურ დანაკარგს იწვევს [1. გვ.7]. თუ გავითვალისწინებთ ქვეყნის ძირითად მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებს, ჩანს, რომ საქართველოში საბაზრო ეკონომიკის შესაბამისი შრომის ბაზარი ფორმირების სტადიაშია და ამ პროცესში არაერთი გამოწვევა არსებობს.

2015 წელს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ ჩატარებულმა შრომის ბაზრის მოთხოვნის კომპონენტის კვლევამ აჩვენა, რომ გამოკითხული ორგანიზაციებიდან 16% განიცდის შრომითი რესურსების ნაკლებობას გარკვეულ პოზიციებზე, მათ შორის ½-ზე მეტ შემთხვევაში კადრების დაქირავების სირთულე დაკავშირებულია სამუშაოს მაძიებელთა არასა- თანადო კვალიფიკაციასთან [2. გვ.18], რაც კიდევ უფრო ამყარებს მოსაზრებას შრომის ბაზრის გამართული ფორმირების საჭიროებასთან დაკავშირებით. ამის ერთ-ერთმიზეზად შესაძლოა დასახელდეს შრომის ბაზრის ინფორმაციაზე, ასევე, მოთხოვნად პროფესიებსა და სამუშაოს შესაბამის უნარებზე ხელმისაწვდომობის სირთულე.

ბოლო 11 წლის განმავლობაში უმუშევრობის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად იცვლებოდა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2016 წლის მონაცემების მიხედვით, უმუშევრობის მაჩვენებელმა ყველაზე დაბალ ნიშნულს 11,8%-ს მიაღწია, მაშინ როდესაც 2012 წელს უმუშევრობა 15% შეადგენდა და წინა წელთან შედარებით 0,2 პროცენტული პუნქტით შემცირდა.

უმუშევრობის დონე საქართველოში [3]

ბოლო მონაცემებით, საქართველოში დაქირავებით დასაქმებულთა რიცხვი დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობის 42,3%-ს შეადგენს. თვითდასაქმებულთა რაოდენობა 57,7%-ია. ასევე, ერთი მხრივ, აღსანიშნავია ისიც, რომ დასაქმებულებიდან 14,9% სახელმწიფო სექტორშია დასაქმებული, ხოლო 85,1% არასახელმწიფო სექტორში [3], რაც ადასტურებს იმ ფაქტს, რომ საქართველოში შრომის ბაზრის მოქმედების არეალი მკვეთრადაა შეზღუდული. მეორე მხრივ, აღსანიშნავია ისიც, რომ 2014 წელს ბიზნეს-სექტორში დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობამ 565 902 ადამიანი შეადგინა, რაც 10%-ით აღემატება 2012 წლის შესაბამის მაჩვენებელს [4]. ყოველივე ეს ნიშნავს იმას, რომ ქვეყანაში ბიზნეს-სექტორს განვითარების რეალური შესაძლებლობა აქვს, რაც სახელმწიფოს მხრიდან განსაკუთრებულ მხარდაჭერას და წახალისებას საჭიროებს. სახელმწიფო დონეზე, დასაქმების ხელშეწყობისა და შრომის ბაზრის განვითარების მიზნით, საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავდა 2015-2018 წლების შრომის ბაზრის ფორმირების სახელმწიფო სტატეგია და სამოქმედო გეგმა, რომლის მიზანია შრომის ბაზრის ეფექტიანი ფუნქციონირებისთვის და სამუშაოს მაძიებელთათვის დასაქმების მყარი საფუძვლის შექმნა [5].

იმისთვის, რომ შრომის ბაზარმა მოახდინოს ცვლილებებზე სწრაფი რეაგი- რება აუცილებელია არსებობდეს მდიდარი ინფორმაციული რესურსი შრომის ბა- ზარზე მიმდინარე ტენდენციების შესახებ. საჭიროა მუდმივად განახლებადი ინ- ფორმაცია, რაც, თავის მხრივ, საფუძველს ჩაუყრის სამუშაო ძალის უნარებისა და შესაძლებლობების დაახლოებას შრომის ბაზრის მოთხოვნებთან. 2015 წლამდე, სახელმწიფო დონეზე არ არსებობდა შრომის ბაზარზე დამსაქმებელთა მოთხოვნის შესწავლის მექანიზმი, 2015 წელს ჩატარებულმა შრომის ბაზრის მოთხოვნის კომ- პონენტის კვლევამ გამოავლინა სამუშაო ძალის მოძიებისას არსებული ძირითადი პრობლემები. საქართველოში მოქმედ 960 ორგანიზაციაში 6004 ვაკანსიის საჭი- როება გამოვლინდა. აღნიშნულის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად არსებული სამუშაო ძალის არასაკმარისი უნარები და დაბალი კვალიფიკაცია დასახელდა [2. გვ.17]. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ კვლევის მიხედვით, უცხოური სამუშაო ძალის დასაქმე- ბის მაჩვენებელმა შეადგინა 5578 ადამიანი [2. გვ.28]. იმ პოზიციებზე, რომელზეც დასაქმებულია უცხოური სამუშაო ძალა, ძირითადად, მოთხოვნადია საშუალო და პროფესიული განათლების დონე. უცხოური სამუშაო ძალის დაქირავების ძირითად მიზეზად სახელდება ადგილობრივი არაკვალიფიციური სამუშაო ძალის არსებობა. ეს განსაკუთრებით კარგად ჩანს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რეგიონში გა- მოვლენილი დასაქმების ტენდენციების მაგალითზე. აღნიშნული ფაქტი საკამათოს ხდის ორ საკითხს. ერთი მხრივ, შესაძლოა, რომ უცხოელების დასაქმება საფრთხეს წარმოადგენდეს ადგილობრივი სამუშაო ძალისთვის და საფრთხეს უქმნიდეს მათი დასაქმების შესაძლებლობებს, მეორე მხრივ, უცხოური სამუშაო ძალა შესაძლოა პოზიტიურ ეფექტს ქმნიდეს ქვეყანაში ადგილობრივი სამუშაო ძალის კვალიფიკა- ციის ამაღლებისა და მათი შესაძლებლობების გაძლიერების თვალსაზრისით.

როდესაც მსჯელობაა შრომის ბაზარზე მოთხოვნა-მიწოდებას შორის დისბალანსზე, აუცილებლად გასათვალისწინებელია შრომის ანაზღაურების საკითხიც, რადგან გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოსთვის საკმაოდ აქტუალურია ე.წ "ღარიბი დასაქმებულების პრობლემა". ოფიციალური სტატისტიკით, 2015 წელს დაქირავებით დასაქმებულთა ხელფასი საშუალოდ 904.40 ლარს შეადგენს, აღნიშნული მაჩვენებელი 9,15 პროცენტით გაიზარდა 2014 წელთან შედარებით [4], საქმიანობის სახეების მიხედვით ხელფასებს შორის დიფერენციაცია საკმაოდ მაღალია, რაც იწვევს იმას, რომ დასაქმებულთა დიდი ნაწილისთვის არსებული ხელფასი არასაკმარისია. ეკონომიკის მაღალი დოლარიზაციის პირობებში, როდესაც ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებით სისტემატურად უფასურდება პრობლემა უფრო და უფრო აქტუალური ხდება.

ხშირად უმუშევრობის მაღალი მაჩვენებელი განპირობებულია ბაზრისთვის არასაჭირო პროფესიის კადრების ჭარბი მიწოდებით და პროფესიული განათლების დაბალი დონით. ბოლო მონაცემებით, საქართველოში უმუშევართა თითქმის 1/3-ს უმაღლესი განათლება აქვს [3]. ეს განპირობებულია, როგორც უმაღლესი განათლების მქონე პირთა დიდი წილით მოსახლეობაში, ასევე შრომის ბაზრისადმი მათი გაზრდილი მოთხოვნებითა და მოლოდინებით, ასევე, გარკვეული სპეციალობების უმაღლესი განათლების მქონე კადრების ჭარბწარმოებით, რამეთუ კონკრეტულ სპეციალობებზე დასაქმების შესაძლებლობები შეზღუდულია. ისიც აღსანიშნავია, რომ დამსაქმებლები ხშირად სამუშაოს მაძიებლთა გამოუცდელობით აპელირებენ, რის გამოც უმუშევრობის მაჩვენებელი განსაკუთრებით მაღალია 20-29 ასაკობრივ ჯგუფში [3]. ბაზარი განსაკუთრებით გაჯერებულია ისეთი პროფესიებით, როგო- რიცაა მაგალითად, ეკონომისტები, იურისტები და სხვა. ამასთან ერთად, არსებობს პროფესიები, რომელზეც მოთხოვნის მიუხედავად, არ არსებობს შესაბამისი კადრი.

შრომის ბაზრის განვითარების სახელმწიფო პოლიტიკა

შრომის ბაზრის არსებული მდგომარეობის ანალიზმა განაპირობა ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავების აუცილებლობა, რომელიც ხელს შეუწყობს შრომისა და დასაქმების სფეროში საქართველოს მიერ რატიფიცირებული საერთა- შორისო კონვენციებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულებას. ამასთან ერთად, გაზრდის ქვეყნების შრომის ბაზრის ეფექტურ ფუნქციონირებას და გააუმ- ჯობესებს მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას.

არსებული შრომის ბაზრის ფორმირების სახელმწიფო სტრატეგიის ძირითადი მიზანია ეფექტიანი დასაქმების ხელშეწყობა, არსებული შრომითი ძალის პოტენ- ციალის რაციონალური გამოყენება და სრულყოფა საჯარო-კერძო პარტნიორობის განვითარების საფუძველზე [5]. სტრატეგიის დამტკიცებამ შექმნა მყარი საფუძ- ველი შრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემისა [6] და შრომის ბაზრის აქტიური პოლიტიკის [7] შექმნისა და განვითარებისთვის.

როგორც უკვე აღინიშნა, შრომის ბაზარის ერთ-ერთი პრობლემაა ადეკვატუ- რი ინფორმაციის ნაკლებობა. ამ მიზნით, 2016 წელს შეიქმნა შრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემის (LMIS) ვებპორტალი. იგი ერთი ფანჯრის (one-stop-shop) პრინციპზე დაფუძნებული სისტემაა და აერთიანებს განათლების, დასაქმების, უმუ- შევრობის, აქტიური სამუშაო ძალის, შრომითი მიგრაციის და სხვა მნიშვნელოვანი ცვლადების შესახებ ინფორმაციას. რაც ყველაზე ყურადსაღებია, არ არსებობს აღნიშნული სისტემის განვითარებისა და გამოყენების გრძელვადიანი ხედვა.

შრომის ბაზრის ინფორმაციის ნაკლებობის გარდა, პრობლემაა მოწყვლადი და დაბალკონკურენტუნარიანი ჯგუფების დასაქმების საკითხიც. აღნიშნულის დარეგულირებისთვის საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ შეიქმნა შრომის ბაზრის აქტიური პოლიტიკის სახელმწიფო სტრატეგია, რომელიც მიმართულია ახალგაზრდებისა და დაბალკონკურენტუ- ნარიანი მოსახლეობის შრომით ინტეგრაციასა და შრომითი პოტენციალის ამაღლებაზე [7]. ამ ეტაპზე სტრატეგიის ფარგლებში დამტკიცებულია სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამა [8]. ამ უკანასკნელის ძირითადი მიზანია სამუშაო ძალის კვალიფიკაციის ამაღლებისა და სამუშაო უნარების გაუმჯობესების გზით დასაქმე- ბის ხელშეწყობა, თუმცა, პროგრამაში არ არის გათვალისწინებული დამსაქმებლე- ბისა და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების აქტიური ჩართულობა კურიკულუმების შედგენის პროცესში, ასევე, საკამათოა პასუხობს თუ არა საგანმანათლებლო პროგრამები შრომის ბაზრის მოთხოვნას.

სახელმწიფოში ნებისმიერი რეფორმის განხორციელებას თან ახლავს გარკვეული სირთულეები, რომელიც შეიძლება სხვადასხვა ფორმით იყოს გამოხატული. მაგალითად, ეს შეიძლება იყოს მატერიალური და არამატერიალური რესურსების დეფიციტი, ბიუროკრატიული პროცედურები, რომელიც აფერხებს პროცესების თანმიმდევრულ მიმდინარეობას და ა.შ. მიუხედავად ამისა, აუცილებელია სახელმწიფო რეგულარულად ატარებდეს რეფორმებს, რომელიც მიმართული იქნება გრძელვადიან პერიოდში განვითარებაზე.

სახელმწიფოს როლი შრომის ბაზრის განვითარებაში შესაძლოა გამოხატული იყოს რამდენიმე მიმართულებით:

1.სამუშაო ადგილების შექმნა;

2.სამუშაო ძალის სათანადო მომზადება;

3.შრომის ბაზრის ინფორმაციის შეგროვება, დამუშავება და ანალიზი.

1.სამუშაო ადგილების შექმნისთვის აუცილებელია, სახელმწიფომ ხელი შეუწყოს პერსპექტიული სფეროების განვითარებას, საქართველოს შემთხვევაში ასეთია მაგალითად: ინფორმაციული ტექნოლოგიები, სამშენებლო და ვაჭრობის სფეროს მიმართულებები.

2.სამუშაო ძალის სათანადო მომზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს მოთხოვნად პროფესიებში კადრების გადამზადება და კონკურენტუნარიანი კადრების მომზადება მოთხოვნად პროფესიებში, რისთვისაც აუცილებელია რეგულარულად ტარდებოდეს შრომის ბაზრის კვლევები. შემდგომ აუცილებელია შემუშავდეს შესაბამისი სახელმწიფო პოლიტიკა, რომელიც გრძლევადიან პერიოდში უზრუნველყოფს სამუშაო ძალის მოთხოვნასა და მიწოდებას შორის ბალანსის დაცვას.

3.რაც შეეხება შრომის ბაზრის ინფორმაციის შეგროვების, დამუშავებისა და ანალიზის მიმართულებით სახელმწიფოს როლს, შრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემა უნდა წარმოადგენდეს შრომის ბაზრის ინფორმაციის გავრცელების ძირითად წყაროს. თუმცა, აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ამგვარი სისტემის დანერგვას თან ახლავს გარკვეული სირთულეები, რაც გამოიხატება მაღალკვალიფიციური ადამიანური რესურსების დეფიციტში. ყოველივე ეს განაპიროებებს უცხოური სამუშაო ძალისა და ექსპერტების მოზიდვას. ამასთან ერთად, სახელმწიფომ უნდა იზრუნოს ადგილობრივი შრომის ბაზარი დაიცვას უცხოური სამუშაო ძალისგან, რათა კიდევ უფრო არ შეიზღუდოს ადგილობრივი სამუშაო ძალის დასაქმების შესაძლებლობები. თუმცა, რა მექანიზმით დაიცავს სახელმწიფო ადგილობრივ მუშახელს, ეს მთლიანად ადგილობრივი ბაზრის სფეციფიკაზეა დამოკიდებული. ცნობილია რამდენიმე მათგანი: 1) "შრომის ბაზრის ტესტი", რომლის მიხედვითაც დამსაქმებელი ვალდებულია ჯერ ადგილობრივ ბაზარზე მოიძიოს სასურველი კანდიდატი, და მხოლოდ მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში მოიძიოს უცხოური სამუშაო ძალა. 2) კვოტირების სისტემა, რომლის მიხედვითაც, მაგალითად, ერთი წლის მანძილზე ადგილობრივ ბაზარზე წესდება კვოტა უცხოური სამუშაო ძალის მიმართ. მაგალითად, საფრანგეთში, სადაც დასაქმების უფლების მოპოვება ერთ-ერთ ყველაზე უფრო რთულად მიიჩნევა ევროპაში, "შრომითი ბაზრის ტესტის" მოთხოვნა არ ვრცელდება პირებზე, რომელთა ყოველთვიური ხელფასი 3 600 ევროს აღემატება [9]. იმ პირობებში, სადაც ბაზარზე არსებული სამუშაო ძალის ძირითადი პრობლემა დაბალი კვალიფიკაციაა, ვფიქრობ, აღნიშნული კანონი ერთგვარი ბარიერია ბიზნესის განვითარებისთვის, მაშინ როდესაც შესაძლოა უცხოური სამუშაო ძალა გამოყენებული იყოს ადგილობრივი სამუშაო ძალის კვალიფი- კაციის ასამაღლებლად.

ყოველივე ზემოხსენებულის შესასრულებლად, აუცილებელია, უწყებებს შორის სრულყოფილი კომუნიკაცია და კოორდინირებული მუშაობა, რაც თითოეული მხარის მიერ ვალდებულებების აღებასა და უფლებამოსილების სიღრმისეულ გააზრებას გულისხმობს.

დასკვნა და რეკომენდაციები

შეიძლება დავასკვნათ, რომ საქართველოში შრომის ბაზარი ჯერ კიდევ ფორმირების სტადიაშია. იმ პირობებში, სადაც უმუშევრობის ერთ-ერთი  მთავარი მიზეზი ადგილობრივი სამუშაო ძალის დაბალი კვალიფიკაციაა, აუცილებელია სახელმწიფო პოლიტიკა სწორედ სამუშაო ძალის კვალიფიკაციის ამაღლებისკენ იყოს მიმართული.

შრომის ბაზრის განვითარებისა და სრულყოფისთვის აუცილებელია:

1.შრომის ბაზრის ინფორმაციის სისტემატური შეგროვება, ანალიზი და ერთიანი ინფორმაციული ბაზის შექმნა. ამ კუთხით მნიშვნელოვანია როგორც საჯარო, ასევე, კერძო სექტორის აქტიურობა და ჩართვა სამუშაო პროცესში. იმ პირობებში, რომლის დროსაც ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის ძირითადი წამყვანი ძალა კერძო სექტორია, შრომის ბაზრის განვითარების სახელმწიფო პოლიტიკისა და სტრატეგიის შემუშავება, დაგეგმვა და განხორციელება წარმოუდგენელია კერძო სექტორის მოთხოვნების გათვალისწინების გარეშე. კერძო სექტორმა უნდა უკარნახოს სახელმწიფოს შრომის ბაზარზე ადამიანური, მატერიალური თუ სხვა სახის რესურსების მხრივ არსებული გამოწვევების შესახებ და სახელმწიფომ ადეკვატური რეაგირება უნდა მოახდინოს ყოველივე ზემოაღნიშნულზე. ასეთ პირობებში შესაძლებელი გახდება შრომის ბაზრის ძლიერი ინფორმაციული ქსელის ჩამოყალიბება, სადაც ყველა მოქმედი მხარე (სამუშაოს მაძიებლები, დამსაქმებლები თუ განათლების მიმწოდებლები) ფლობს მისთვის აუცილებელ ინფორმაციას;

2.კონკურენტუნარიანი სამუშაო ძალის მომზადება შესამაბისი სახელმწიფო პროგრამების შემუშავებითა და გრძლევადიანი ხედვის განვითარებით. სახელმწიფომ ხელი უნდა შეუწყოს ადგილობრივი შრომითი რესურსების ოპტიმალურად გამოყენებას, კერძო სექტორის აქტიური მონაწილეობით კონკურენტუნარიანი შრომითი ძალის მომზადებას, შრომის ბაზრის ცვლადებზე მყარი ინფორმაციული ქსელის შექმნას საჯარო და კერძო სექტორის პარტნიორობის განვითარების სა- ფუძველზე, რაც, თავის მხრივ, დადებითად აისახება უმუშევრობის შემცირებაზე.

3.მოწყვლადი და დაბალკონკურენტუნარიანი ჯგუფების დასაქმების ხელ- შემწყობი მექანიზმების განვითარება. ერთ-ერთი სერიოზული გამოწვევა სახელმწიფოსთვის დღესდღეობით არის უმუშევრობის მაღალი მაჩვენებელი მოწყვლად ჯგუფებში, რომელიც დასტურდება სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებითაც. ამიტომაც, მოწყვლადი ჯგუფების დასაქმების ხელშეწყობისთვის მნიშვნელოვანია დამსაქმებლების მიერ პასუხისმგებლობათა და ვალდებულებათა გააზრება და მოლოდინების შერბილება.

საბოლოო ანგარიშით, შრომის ბაზრის ეფექტიანი ფუნქციონირება უზუნველყოფს მოსახლეობის პროდუქტიული დასაქმების შესაძლებლობების ზრდას და კონკურენტული სამუშაო ძალის ჩამოყალიბებას.

ლიტერატურა:

1.დასაქმებისა და უმუშევრობის ტენდენციები საქართველოში, Economic Policy Research Center, თბ., 2011.

2.შრომის ბაზრის მოთხოვნის კომპონენტის კვლევა, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ანგარიში, თბ., 2015.

3.შინამეურნეობების ინტეგრირებული გამოკვლევა, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური, თბ., 2015.  http://www.geostat.ge/?action=page&p– id=145&lang=geo.

4.საწარმოთა კვლევა, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური, თბ.,2015. http://www.geostat.ge/?action=page&p–id=211&lang=geo .

5.საქართველოს შრომის ბაზრის ფორმირების სახელმწიფო სტრატეგიისა და საქართველოს შრომის ბაზრის ფორმირების სახელმწიფო სტრატეგიის რეალიზაციის 2015-2018 წლების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება N199, თბ., საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, 2013.

6.შრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემის დანერგვისა და განვითარების კონცეფციისა და მისი განხორციელების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება N733, თბ., საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, 2014.

7.შრომის ბაზრის აქტიური პოლიტიკის სტრატეგიისა და მისი განხორციელების 2016-2018 წლების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება N167, თბ., საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, 2016.

8.სამუშაოს  მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება N238, თბ., საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, 2016.

9.მირცხულავა გ., მიგრაციის კანონი ქვეყანას ძვირი დაუჯდება, ჟურნალი Forbes Georgia, თბ., 2015.http://forbes.ge/news/591/migraciis-kanoni-qveyanas-Zviri- daujdeba

10.Employment Working Paper, No.67. International Labour Organisation , Geneva: ILO, 2010.

11.World Bank Annual Report. Washington, 2013.

12.World Bank, Georgia Skills Mismatch and Unemployment Labor Market Challenges, Policy Note, 2014.

13.მიკრო და მაკრო ფაქტორების გავლენა შშმ პირთა სამუშაო გარემოსთან ადაპტაციასა და შრომით ეფექტურობაზე, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კვლევის ანგარიში, თბ., 2015.

14.შრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემა. 2016. http://labour.gov.ge/Molhsa/Lmis/ Lmis.Portal.Web/Default.aspx.